რა არის ჩვენი მიზანი
ცნობილი ფაქტია, რომ ქართულ საზოგადოებას უყვარს უცხო სიტყვების ხშირი გამოყენება. ამ პროექტზე მუშაობისას ჩავატარეთ კვლევა, რომლის მიზანი იყო დაგვედგინა, თუ რამდენად უფრო ხშირად ვიყენებთ უცხო სიტყვას მის ქართულ შესატყვისთან შედარებით. კვლევა ჩავატარეთ ქართული ენის ეროვნული კორპუსის გამოყენებით და შევისწავლეთ უცხოურ-ქართული სინონიმური რიგების გამოყენების სიხშირე. სიხშირულმა ანალიზმა აჩვენა, რომ უცხო სიტყვების გამოყენება ბევრად აღემატება მათი ქართული შესატყვისების ხმარებას. კერძოდ, გაანალიზებული სინონიმური რიგების 76%-ის შემთხვევაში უფრო ხშირია უცხო სიტყვების გამოყენება, ვიდრე მათი ქართული ეკვივალენტებისა.
ჩვენი კვლევის ამ შედეგმა წაგვახალისა შეგვედგინა ეს გლოსარიუმი, რათა უცხო სიტყვებთან ერთად ხელი შევუწყოთ მათი ქართული შესატყვისების გამოყენების გააქტიურებას. ეს, ჩვენი აზრით, სტილისტური თვალსაზრისითაც მიზანშეწონილია, რადგან ჩვენს მეტყველებას თუ წერას უფრო მრავალფეროვანსა და ლექსიკურად მდიდარს გახდის.